ცოდნის კარის წმინდა გიორგი
სოფელ ცოდნის კარში ფუნდამენტის დონეზე შემორჩენილია წმინდა გიორგის სახელზე ნაკურთხი ეკლესიის ფრაგმენტი, რომელიც რიყის ქვითაა ამოყვანილი.
შიდა სივრცე და გარე პერიმეტრი არ იკითხება. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია როგორც ნაგებობის ტიპი, ასევე მისი აგების თარიღიც. ეკლესია მოქმედია. სოფელი ცოდნის კარი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლაგოდეხიდან 13 კილომეტრის დაშორებით.
.
წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია
ლელიანში, სოფლის სასაფლაოზე, შემორჩენილია მე-11-მე-12 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესია. შენობა თავდაპირველად რიყის ქვით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.
მე16-მე-17 საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ამჟამად მთავარი ნავი ერთიანი, მთლიანი და დამოუკიდებელი სივრცეა ორი შესასვლელით, ღრმა და ვრცელი კამარით, მაღალი და ღრმა საკურთხევლით. გარეშემოსასვლელი ადრე თაღოვანი უნდა ყოფილიყო, დღეს იგი გადაკეთებულია. ორივე მინაშენი აღმოსავლეთ აბსიდით არის დასრულებული, თუმცა ორივე მაინც დამოუკიდებელი სივრცეებია.
ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. ძეგლი ახალი აღდგენილია. სოფელი ლელიანი მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლაგოდეხიდან 30 კილომეტრის დაშორებით.
.
წმინდა სამების ეკლესია
სოფელ ფონაში შემორჩენილია საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია წმინდა სამება, რომელიც რიგი მეცნიერების აზრით მე-11 საუკუნით თარიღდება.
დასავლეთიდან ეკლესიაზე მიშენებულია დიდი, ორსართულიანი სამრეკლო.
საშენ მასალად გამოყენებულია აგური, რიყის ქვა და შირიმის მოზრდილი კვადრები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთისა და სამხრეთის, აგრეთვე აბსიდი სამნაწილიანი სამრეკლოთი და სადიაკვნეთი.
ეკლესია რესტავრირებულია, დარჩენილია მხოლოდ სამრეკლოს შეკეთება.
ძეგლი საკუთარი სახსრებით აღადგინა ცნობილმა კინო-რეჟისორმა გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა. სოფელი ფონა მდებარეობს კახეთში, ისტორიულ გაღმა მხარში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლაგოდეხიდან 18 კილომეტრის დაშორებით.
.
ჭრელი საყდარი
სოფელ ონანაურში შემორჩენილია მე-11-მე-12 საუკუნეებში რიყის ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ჭრელ საყდარს'' უწოდებს.
გადმოცემის მიხედვით, დასავლეთის ფასადზე გამოსახული ყოფილა წმინდა ევსტათე პლაკიდის ნადირობის სცენა. ამჟამად აქ მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი და ფრესკა არ იკითხება. ძეგლს სამხრეთიდან მიდგმული აქვს ახალი, საკმაოდ მდარე სახის მოზრდილი ნაგებობა, რომელიც ჩრდილავს ძველ ეკლესიას. ამჟამად ეკლესია რესტავრირებული და მოქმედია. |
ხოშატიანის ღვთისმშობელი
სოფელ არეშფერანიდან 3,5 კილომეტრის დაშორებით, სასაფლაოზე დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მე-11- მე-13 საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ეკლესიაში დაკრძალული ყოფილა მითოლოგიური გმირი ,,ხოშატი'', სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, ხოლო დასავლეთიდან მიდგმული სამრეკლო მთლიანად აგურითაა ამოყვანილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი მოგვიანებით არის მიშენებული. ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, მაგრამ მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მათი გარკვევა გაძნელებულია.
.
წყარო |
|
|
|
საინტერესოა. სამწუხაროდ ფოტოებს არ ხსნის
ReplyDelete